უკრაინის პარლამენტის, ვერხოვნა რადას სპიკერის, რუსლან სტეფანჩუკის ცნობით, აშშ-ის ლენდ-ლიზის კანონი უკრაინისთვის ძალაში დღეს, პირველ ოქტომბერს შევიდა.
სტეფანჩუკის თქმით, ლენდ-ლიზის ფარგლებში უკრაინა უფრო მრავალფეროვან და ხარისხიან იარაღს მიიღებს.
„აშშ-ის ლენდ-ლიზის კანონი უკრაინისთვის ძალაში დღეს შევიდა, რაც ნიშნავს უფრო განსხვავებულ, უფრო მაღალი ხარისხის იარაღებს. უკრაინა ნამდვილად დაიბრუნებს თავის ყველა ტერიტორიას” - ტვიტერზე წერს რუსლან სტეფანჩუკი.
აშშ-ის სენატმა 7 აპრილს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ერთსულოვნად დაუჭირა მხარი „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტის“ მიღებას, რაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მისცემს შესაძლებლობას უკრაინას უფრო სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და საჭირო მარაგები რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას.
სენატორებმა ლენდ-ლიზის (სესხება-იჯარა) წინადადებას მხარი აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირეს.
"უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტით" აშშ შეძლებს აუცილებელი მნიშვნელობის სამხედრო აღჭურვილობა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგები უკრაინას ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მიაწოდოს. ამ აქტით აშშ-ს უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა დე ფაქტო საჩუქრად შეუძლიათ, მიმღები ქვეყნის მხრიდან მომავალში აშშ-ისთვის დაბრუნების პირობით.
ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და კონფლიქტის მსვლელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტად მიიჩნევა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ს მისცა შესაძლებლობა ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირეებისთვის სწრაფად მიეწოდებინა იარაღი და მარაგები.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის ლენდ-ლიზის კანონს ხელი 9 მაისს მოაწერა.