logo
ENG



სტიქია აჭარაში - ბათუმი-მახინჯაურის გზაზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობია

23 აგვ 202017:45
3 წუთის საკითხავი
 

სტიქიამ ბათუმში პრობლემები შექმნა. ძლიერის წვიმის გამო, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სარდაფები და ცენტრალური ქუჩები.

გადაადგილება გართულებულია როგორც ქვეითად მოსიარულეებისთვის, ასევე ავტომობილებისთვის. ყველაზე მძიმე ვითარება ამ დროისთვის ბათუმი-მახინჯაურის დამაკავშირებელ გზაზეა, სადაც მთელი დღის განმავლობაში რამდენიმეკილომეტრიანი საცობია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შექმნილი ვითარება სანიაღვრე სისტემის გაუმართაობას უკავშირდება. მათი თქმით, სანიაღვრე არხები სათანადოდ არ იწმინდება, რის გამოც, წყლის ნაკადის გადინება ვერ ხდება და ამინდის გაუარესების შემდეგ, მუდმივად ამ პრობლემის წინაშე დგანან.

შპს ბათუმის წყალში აცხადებენ, რომ მერიის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მათივე ინფორმაციით, მობილიზებულია სპეცტექნიკა და სანიაღვრე ქსელის ჯგუფები.

"ბათუმში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მსგავსი სტიქია არ დაფიქსირებულა. სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. სანიაღვრე წყლების შეუფერხებლად გადინების მიზნით ზღვაში გამსვლელი არხები ინტენსიურად იწმინდება. ამ ეტაპზე ბათუმი-მახინჯაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. ადგილზე თითქმის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რათა წვიმის შედეგად გამოწვეული პრობლემები მაქსიმალურად სწრაფად აღმოიფხვრას", - ნათქვამია ბათუმის წყლის განცხადებაში.


close დახურვა