ერთობლივ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით, მათ შორის, ნიკა მელიას დაკავების გამო შეშფოთებულია.
"რატომ ვთქვით, რომ დაფიქრებული ვართ საქართველოში არსებულ ვითარებაზე?! ეს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრებას უკავშირდება", - ამბობს სტოლტენბერგი, - "ამ უთანხმოების გადაჭრის გზა უნდა მოიძებნოს, რათა საქართველომ შეძლოს დაგეგმილი რეფორმების გაგრძელება და რა თქმა უნდა, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი ამ დემოკრატიის ქვაკუთხედს წარმოადგენს"
სტოლტენბერგმა პრემიერ ღარიბაშვილს საჯაროდ მოუწოდა, გამოეყენებინა თავისი პოზიცია დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის ხელშეწყობისთვის.
სტოლტენბერგთან გამართული პრესკონფერენციის პარალელურად, თბილისში მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები პირველად ხვდებიან ერთმანეთს. შეხვედრის მიზანი, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტის მიმოხილვაა.
მიუხედავად იმისა, რომ დანიელსონი თბილისში უკვე მეხუთე დღეა პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრებს მართავს, შეთანხმება ამ დრომდე არ მიღწეულა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების პროცესში პრინციპული საკითხი ვადამდელ არჩევნებთან და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებული პუნქტები იქნება, რაც მიშელის მედიაციით ორმხრივად შეთანხმებულ დოკუმენტში 6 მთავარ საკითხს შორის არის შეტანილი.
ქართული ოცნების წარმომადგენლებს, პრემიერ ღარიბაშვილის ჩათვლით, ამ დრომდე ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგ არგუმენტად ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა მოაქვთ, რომელშიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულად არის შეფასებული, ფუნდამენტური უფლებების დაცვით.
პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ კი გუშინ პრემიერმა ღარიბაშვილმა ჟოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პატიმრების საკითხი არა მას, არამედ სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემას ეხება.