logo
ENG



სტოლტენბერგი: რუსეთს ადრეც გამოუყენებია სამხედრო ძალა უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგ

17 იან 202210:34
3 წუთის საკითხავი
 

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთისგან უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალების გამოყენების საფრთხე რეალურია, იმის გათვალისწინებითაც, რომ რუსეთს მანამდეც გამოიყენებია სამხედრო ძალა უკრაინის, საქართველოს და სხვა მეზობლების წინააღმდეგ.

იენს სტოლტენბერგის თქმით, დიალოგის წარმოება მნიშნველოვანია, თუმცა მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთი ძალას ისევ გამოიყენებს, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება.

"ჩვენ ვიცით, რომ რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა სამხედრო ძალები, გვესმის მუქარის შემცველი რიტორიკა. მათი განცხადებით, თუ არ გავაკეთებთ იმას, რასაც ისინი გვეუბნებიან, ჩვენ სამხედრო და ტექნიკური შედეგების წინაშე აღმოვჩნდებით, რაც უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალების გამოყენების მუქარას გავს.

ჩვენ ასევე ვიცით რუსეთის ისტორია, რუსეთს მანამდეც გამოუყენებია სამხედრო ძალა მეზობლების - უკრაინის, საქართველოსა და სხვების წინააღმდეგ, ყველა ამ მოცემულობის გათვალისწინებით, საფრთხე რეალურია, ამიტომ, მნიშვნელოვანია ვაწარმოოთ დიალოგი, მაგრამ ასევე მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთმა შესაძლოა ძალა ისევ გამოიყენოს და ნათლად გავაცხადოთ, რომ ამას მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება" - ამბობს იენს სტოლტენბერგი.

რამდენიმე დღის წინ იენს სტოლტენბერგი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ტელეფონით რუსეთისა და უკრაინის საკითხზე ესაუბრა. მათ რუსეთთან დიალოგის მზაობა გამოთქვეს.  

სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერის ნედ პრაისის ინფორმაციით, ბლინკენმა სტოლტენბერგთან 12 იანვრის NATO-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდგომი ნაბიჯები განიხილა. პრაისის თქმით, აშშ და NATO მზად არიან კვლავ შეხვდნენ რუსეთს და სურთ დიპლომატია და ორმხრივი დიალოგი გააგრძელონ.

ამერიკის შეერთებული შტატები და NATO-ს მოკავშირე ქვეყნები გაერთიანებულად დგანან დიპლომატიურ გზაზე, რათა რუსეთს დაუყონებლივი მოქმედება აიძულონ და მოხდეს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მყისიერი დეესკალაცია.

***

შეგახსენებთ, რომ უკვე 2 თვეზე მეტია, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100-ობით ათასი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს. სამხედრო მობილიზებას კრემლი უსაფრთხოების მოტივით ამართლებს.

12 იანვარს ბრიუსელში NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატომ რუსეთს შესთავაზა სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობის გაზრდის კონკრეტული გზები საშიში სამხედრო ინციდენტების თავიდან აცილების და სივრცითი და კიბერ საფრთხეების შემცირების მიზნით. 

თავის მხრივ კი რუსეთი მოთხოვნების შესრულებას ითხოვდა: უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმებას, ალიანსი გაფართოებაზე უარის თქმასა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან წაღებას. ამ გადაწყვეტილების თანახმად, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები. 

პასუხად იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ალიანსის აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების გაძლიერება სერიოზულად განიხილება. ბალტიის ქვეყნების განცხადებით, ისინი NATO-სთან მუშაობენ, რათა ამ ქვეყნებში ალიანსის სამხედრო კონტინგენტი გაიზარდოს. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მზად არის, მოისმინოს მოსკოვის წუხილები, რთული იქნება რამე სახის პროგრესის მიღწევა მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის საზღვართან ვითარების დეესკალაციას არ მოახდენს. 

ენტონი ბლინკენისვე თქმით, აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გაყვანის განხილვა და NATO-ს გაფართოებაზე უარის თქმა გამორიცხულია. 

გარდა ამისა, ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეიმუშავა ახალი, უფრო მკაცრი სანქციების პაკეტი რუსეთის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება. 


close დახურვა