NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსული ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი მცირეა.
"ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი მცირეა, მაგრამ რუსული ბირთვული რიტორიკა სრულიად უპასუხისმგებლო და სახიფათოა. რუსეთის ფედერაციამ უნდა იცოდეს, რომ ბირთვულ ომს ვერ მოიგებს და შესაბამისად, მისი წარმოება შეუძლებელია", - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ NATO კრემლის მოქმედებებს აკვირდება და მისი თქმით, რუსეთის ბირთვულ ძალებში ჯერჯერობით ცვლილებები არ შეინიშნება.
"თუ ჩვენ გვინდა გამოსავალი, რომელშიც უკრაინა გადარჩება, როგორც სუვერენული ქვეყანა, ჩვენ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ. უკრაინას უფრო მძიმე აღჭურვილობა სჭირდება", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
2022 წლის 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ საფრთხის შემთხვევაში, "რუსეთი გამოიყენებს ყველა შესაძლო საშუალებას და ეს ბლეფი არ არის". უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ ეს მხოლოდ პუტინის ბირთვული შანტაჟის პირველი ნაბიჯებია და ამ ყოველივეს ბლეფად არ მიიჩნევს.