logo
ENG



სტოლტენბერგი: უკრაინაში ომის გამო გაუარესებული უსაფრთხოების გარემო საქართველოზეც აისახება

22 მარ 202309:21
3 წუთის საკითხავი
 
სტოლტენბერგი: უკრაინაში ომის გამო გაუარესებული უსაფრთხოების გარემო საქართველოზეც აისახება

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის 2022 წლის ანგარიშში საქართველოზეცაა საუბარი.

მიმოხილვაში ნათქვამია, რომ საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის.

სტოლტენბერგი ანგარიშში აღნიშნავს, რომ უკრაინაში ომის გამო გაუარესებული უსაფრთხოების გარემო საქართველოზეც აისახება.

"საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. დროთა განმავლობაში, პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრმა მხარი დაუჭირა საქართველოს რეფორმების ძალისხმევასა და მიზანს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაუარესებული უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე.

საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის მთავარ ინსტრუმენტს NATO-საქართველოს პაკეტი წარმოადგენს. 2022 წელს მან განაგრძო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და თავსებადობის გაუმჯობესება, რათა მხარი დაუჭიროს დროთა განმავლობაში NATO-ს წევრობისთვის ქვეყნების მომზადებას"- ნათქვამია ანგარიშში.

მიმოხილვაში ასევე საუბარია პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერაზე და აღნიშნულია, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტისა და 2022 წლის მადრიდის სამიტის შესაბამისად, მოკავშირეები რჩებიან ერთგული, საბოლოო ჯამში, მხარი დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას.

გარდა ამისა, ანგარიშში NATO-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ აპრილში მოკავშირეები შეთანხმდნენ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაზრდაზე ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის, რათა დაეხმარონ მათ, გააძლიერონ თავიანთი ინსტიტუტები და მდგრადობა, განავითარონ შესაძლებლობები და შეინარჩუნონ პოლიტიკური დამოუკიდებლობა.


close დახურვა