კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის ადგილი თავდაცვით ალიანსშია და NATO-ს დახმარებით მომავალში ეს შესაძლებელი გახდება.
სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინასთან დგას და მხარს დაუჭერს მანამ, სანამ საჭირო იქნება.
"მინდა მკაფიოდ ვთქვა, უკრაინის კანონიერი ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია, უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია და დროთა განმავლობაში ჩვენი დახმარებით ეს შესაძლებელი გახდება. NATO დგას თქვენთან ერთად დღეს, ხვალ და ვიდრე საჭირო იქნება" - თქვა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
NATO-ს გენ.მდივნის თქმით, ალიანსი უკრაინასთან იდგა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ 2014 წელსაც და მათთან ერთად იქნება უკრაინელებისთვის მომავლის მშენებლობაში.
„ბატონო პრეზიდენტო, მე დღეს აქ მარტივი გზავნილით ვარ: NATO დგას უკრაინის გვერდით. ჩვენ ვიდექით თქვენთან ერთად 2014 წელს ყირიმში რუსეთის უკანონო შეჭრის შემდეგ, ვდგავართ თქვენთან ერთად დღეს თქვენს გმირულ ბრძოლაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ თქვენი ქვეყნის დასაცავად. და ჩვენ ვიდგებით თქვენთან ერთად ხვალ, ხელახალი აღმშენებლობის საქმეში უკრაინელების უფრო ნათელი მომავლისკენ" - განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა ასევე ისაუბრა ალიანსის მხრიდან უკრაინის დახმარებაზე. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინისთვის 150 მილიარდ ევროზე მეტი გამოყვეს.
"მოკავშირეები ახლა აწვდიან მეტ თვითმფრინავს, ტანკს და შეიარაღებულ ტრანსპორტს და NATO-ს უკრაინის ფონდი აწვდის მყისიერ დახმარებას. ამ ყველაფერს დღეს ბრძოლის ველზე ნამდვილი განსხვავებები მოაქვს" - განაცხადა სტოლტენბერგმა.