NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისკენ.
ამის შესახებ მან ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის გამარჯვება ირანს, ჩრდილოეთ კორეას და ჩინეთს წაახალისებს.
"ის, თუ რა მოხდება მოლაპარაკებების მაგიდის გარშემო, განუყოფლად არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასთან. ასე რომ, თუ გვინდა, გრძელვადიანი, სამართლიანი მშვიდობა, უკრაინას მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა მივაწოდოთ. უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისკენ", - აღნიშნა მან.
სტოლტენბერგი ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის მხარდაჭერა და იარაღის წარმოების გაზრდა იყო.