logo
ENG



სტოლტენბერგი: ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი

01 ივნ 202313:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/01/krhb05gjror5qd5.jpg

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ NATO-ს ყველა მოკავშირე თანხმდება იმაზე, რომ უკრაინა უნდა გახდეს ალიანსის წევრი. ეს განცხადება მან მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჩასვლისას გააკეთა.

"ყველა წევრი თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი და ყველა თანხმდება, რომ ალიანსის წევრების და უკრაინის გადასაწყვეტია, როდის არის სწორი დრო. მოსკოვის გადასაწყვეტი არ არის, NATO-ს გაფართოება. ასევე, ვაცნობიერებთ, რომ ყველაზე სასწრაფო ამოცანა ახლა არის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და ამის შემდეგ, როცა ევროპაში გვეყოლება დამოუკიდებელი, სუვერენული უკრაინა, შეიძლება, ამ საკითხზე მსჯელობა და ეს მოხდება როცა ომი დასრულდება", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგამდე NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კომენტარი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააკეთა. მისი თქმით, უკრაინა მზად არის გახდეს NATO-ს წევრი და ელოდება, როდის იქნება ამისთვის მზად ალიანსი.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტი 31 მაისსა და 1 ივნისს მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ჩავიდა. 

პრემიერმინისტრი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, სამიტის ფარგლებში ის ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს.


close დახურვა