logo
ENG



სტოლტენბერგი: ჯერ კიდევ არ არის გვიან, რომ რუსეთმა შეწყვიტოს ომისთვის მზადება

19 თებ 202214:26
3 წუთის საკითხავი
 

NATO–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო კურსი სეცვალოს, შეწყვიტოს ომისთვის მზადება და საკუთარი განცხადებისამებრ, გაიყვანოს ძალები უკრაინის საზღვრიდან. სოტლტენბერგმა მიუნხენის კონფერენციაზე ისაუბრა.

"ევროპისთვის სახიფათო დღეებია, რუსეთს უკრაინასა და მის გარშემო მობილიზებული ჰყავს სამხედრო ძალები, რაც ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურია, ჩვენ არ ვიცით რა მოხდება, მაგრამ კონფლიქტის რისკი რეალურია. მოსკოვის მტკიცების მიუხედავად, ჩვენ დეესკალაციასა და ჯარის უკან გაყვანას ვერ ვხედავთ. პირიქით, რუსეთი აგრძელებს მობილიზებას, ჩვენ კი ვაგრძელებთ ყურადღებით დაკვირვებას. მოვუწოდებთ რუსეთს, გააკეთოს ის რაც, თქვა, გაიყვანოს ძალები უკრაინის საზღვრიდან. ეს იქნება პირველი მნიშნველოვანი ნაბიჯი მშვიდობიანი მოგვარებისთვის. ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიან, რომ რუსეთმა კურსი შეცვალოს და შეწყვიტოს ომისთვის მზადება." – ამბობს იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

ამავე კონფერენციაზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ დღევანდელმა მოვლენებმა შესაძლოა მთლიანად შეცვალოს საერთაშორისო დღის წესრიგი და უკრაინელებს მოსკოვმა იმ ომში ბრძოლა მოახვიოს თავს, რომელშიც არ სურთ.

"ევროკავშირის შექმნის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ გვინდოდა დასრულებულიყო ყველა ევროპული ომი, ამ დღეების მოვლენებმა კი შესაძლოა მთლიანად შეცვალოს საერთაშორისო დღის წესრიგი.

უკრაინელები ყოველდღიურად ხვდებიან გარე აგრესიას და დაშინებას. დონბასის ომში ზოგმა დაკარგა ნათესავი, ზოგმა თანაკლასელი, მათ შესაძლოა კიდევ მოუწიოთ ბრძოლა ომში, რომელიც არ სურთ, მაგრამ მოსკოვმა მოახვიოთ თავს. ფაქტობრივად ამას ნიშნავს კრემლის პოლიტიკა, დაამკვიდროს შიში, წამოაყენოს უსაფრთხოების მოთხოვნები, 44 მილიონ უკრაინელს აუკრძალოს თავად აირჩიოს მომავალი, უარყოს თავისუფალი ქვეყნების დამოუკიდებლობის და თვითგამორკვევის უფლება" – ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მიუნხენის 58–ე საერთაშორისო კონფერენციაზე მთავარი თემა უკრაინის საზღვართან ვითარება იყო. დღეს კონფერენციაში მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს. ზელენსკი შეერთებული შტატების ვიცე–პრეზიდენტს და გერმანიის კანცლერსაც შეხვდება.


close დახურვა