logo
ENG



სტოლტენბერგი ღარიბაშვილს: გამოიყენეთ თქვენი პოზიცია, რათა მოიძებნოს ორმხრივი გამოსავალი

17 მარ 202118:01
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/17/r4hbdku3nlfpo6z.png

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ბრიუსელში საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ საქართველოს მიმართ წუხილები ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, ნიკა მელიას დაპატიმრებას უკავშირდება. 

"რატომ ვთქვით, რომ დაფიქრებული ვართ საქართველოში არსებულ ვითარებაზე?! ეს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრებას უკავშირდება", - ამბობს სტოლტენბერგი, - "ამ უთანხმოების გადაჭრის გზა უნდა მოიძებნოს, რათა საქართველომ შეძლოს დაგეგმილი რეფორმების გაგრძელება და რა თქმა უნდა, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი ამ დემოკრატიის ქვაკუთხედს წარმოადგენს"

სტოლტენბერგმა პრემიერ ღარიბაშვილს საჯაროდ მოუწოდა, გამოეყენებინა თავისი პოზიცია დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის ხელშეწყობისთვის. მან მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა ევროკავშირის მედიაციით წარმართული დიალოგის მიმართ და ხაზი გაუსვა საპარლამენტო საქმიანობის მნიშნველობასაც. 

"ბატონო პრემიერმინისტრო, ჩვენი ახლო თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ჩვენ თავს არ ვარიდებთ რთულ დისკუსიებსაც. უახლოეს წარსულში პოლიტიკური სიტუაცია შემაშფოთებელია და ჩვენ მოგიწოდებთ, რომ საქართველომ გააძლიეროს დემოკრატიული სტანდარტები, რომელსაც მან მიაღწია უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში", - განაცხადა სტოლტენბერგმა, - "რა თქმა უნდა, ეს განხორციელდება დიალოგის ფორმატში. ნატო, რა თქმა უნდა, ევროკავშირის მიერ განხორციელებულ მედიაციის მცდელობებს მხარს უჭერს. ბატონო პრემიერმინისტრო, მოგიწოდებთ, გამოიყენოთ თქვენი პოზიცია, რათა მოიძებნოს ორმხრივი გამოსავალი". 

პრემიერი ღარიბაშვილი ასოცირების საბჭოს სხდომისთვის დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში სტოლტენბერგის გარდა, უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს, ევროპული კომისიის პრეზიდენტს, შარლ მიშელს და საქართველოს საკითხზე მომუშავე ევროპარლამენტარებს შეხვდა. 

სტოლტენბერგთან გამართული პრესკონფერენციის პარალელურად, თბილისში მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები პირველად ხვდებიან ერთმანეთს. შეხვედრის მიზანი, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტის მიმოხილვაა

მიუხედავად იმისა, რომ დანიელსონი თბილისში უკვე მეხუთე დღეა პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრებს მართავს, შეთანხმება ამ დრომდე არ მიღწეულა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების პროცესში პრინციპული საკითხი ვადამდელ არჩევნებთან და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებული პუნქტები იქნება, რაც მიშელის მედიაციით ორმხრივად შეთანხმებულ დოკუმენტში 6 მთავარ საკითხს შორის არის შეტანილი. 

ქართული ოცნების წარმომადგენლებს, პრემიერ ღარიბაშვილის ჩათვლით, ამ დრომდე ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგ არგუმენტად ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა მოაქვთ, რომელშიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულად არის შეფასებული, ფუნდამენტური უფლებების დაცვით. 

პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ კი გუშინ პრემიერმა ღარიბაშვილმა ჟოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პატიმრების საკითხი არა მას, არამედ სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემას ეხება. 

 

 


close დახურვა