logo
ENG



სტოლტენბერგმა, ლაიენმა და მიშელმა NATO-EU-ს თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერეს

10 იან 202317:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/10/udd58jtjvy970da.jpg

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში ხელი მოაწერეს NATO-ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ მესამე დეკლარაციას.

სტოლტენბერგის თქმით, მიზანია, NATO-სა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა ახალ საფეხურზე გადავიდეს და ორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის კუთხით უპრეცედენტო პროგრესს მიაღწიოს.

"ერთობლივი დეკლარაციის მიზანია მეტად გაამტკიცოს და გააფართოოს სტრატეგიული თანამშრომლობა NATO-სა და ევროკავშირში შორის" - განაცხადა მან.

სტოლტენბერგის თქმით, NATO - ევროკავშირის თანამშრომლობა უსაფრთხოების კუთხით შეცვლილ გარემოში, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მოიტანა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„მოსკოვის რეჟიმს სურს განსხვავებული ევროპა. მას სურს მეზობლების გაკონტროლება და დემოკრატია და თავისუფლება საფრთხედ მიაჩნია. უნდა გავაგრძელოთ ჩვენი პარტნიორობის გაძლიერება და ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, ერთობლივი დეკლარაცია „აღიარებს უფრო ძლიერი ევროპული თავდაცვის ღირებულებას, რომელსაც დადებითი წვლილი შეაქვს ჩვენს უსაფრთხოებაში და არის NATO-სთან თავსებადი და შემავსებელი“.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ეს პარტნიორობა „გახდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მას შემდეგ, რაც ფინეთი და შვედეთი NATO-ს სრულფასოვანი წევრები გახდებიან და მათ გაწევრიანებით NATO დაიცავს ევროკავშირის მოქალაქეების 96%-ს და იმაზე დიდ ტერიტორიას ვიდრე ოდესმე“.

NATO-ს ცნობით, ლიდერებმა განიხილეს გეოსტრატეგიული კონკურენციის, მდგრადი განვითარებისა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები. სხვა პრიორიტეტული სამუშაო სფეროები ასევე მოიცავს ახალ და საზიანო ტექნოლოგიებს, კოსმოსთან დაკავშირებულ საკითხებს და კლიმატის ცვლილებას და ინფორმაციით მანიპულაციებს.


close დახურვა