logo
ENG



სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას დაკავების საქმეზე დარღვევა არ დაადგინა

07 სექ 202314:38
3 წუთის საკითხავი
 
სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას დაკავების საქმეზე დარღვევა არ დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე, ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ და მის მიმართ დარღვევა არ დაადგინა.

კერძოდ, როგორც სტრასბურგის განმარტებაშია აღნიშნული, მელია დაობდა კონვენციის ორ მუხლს, მე-5-სა და მე-18-ს. მათი ცნობით, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ არ დარღვეულა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, ასევე, უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები.

საქმე ეხება 2019 წლის ივნისის მოვლენებს - პროკურატურა მას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავებოდა. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. 

მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.

17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო. 

23 თებერვალს ნიკა მელია მაინც დააკავეს.  მის დასაკავებლად პოლიცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შტურმით შევიდა და დახურულ სივრცეში წიწაკის გაზიც გამოიყენა. 

ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას  საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა. ნიკა მელია რუსთავის ციხიდან 10 მაისს გათავისუფლდა. მან საპატიმრო დაწესებულება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. მოსამართლემ მელიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალაამის საფუძველი გახდა ევროკავშირის მიერ 7 მაისს გადახდილი გირაოს თანხა. 


close დახურვა