logo
ENG



სტრატეგია აღმაშენებელი პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს

02 ნოე 202018:06
3 წუთის საკითხავი
 

სტრატეგია აღმაშენებელის გადაწყვეტილებით, პარტია მეათე მოწვევის პარლამენტში არ შედის. ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში ცოტა ხნის წინ პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

"რა თქმა უნდა, ერთსულოვანია სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვცნობთ ლეგიტიმურად არჩევნებს, რომელიც ჩატარდა და არც ერთ შემთხვევაში არ შევალთ პარლამენტში. ეს არის უპირობო გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ გუშინ ვაცხადებდით.

ჩვენს წინაშე არის დიდი გამოწვევა, ან ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოს, ან ვაბარებთ ამ სახელმწიფოს ივანიშვილის რეჟიმს. მე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად არც ერთი წამით არ ვაპირებ უკან დავიხიო, ვაპირებ ბრძოლას ბოლომდე. ჩვენ ვიქნებით ქუჩაშიც, ვიქნებით ყველგან, სადაც საჭირო იქნება, იმისთვის რომ გამარჯვებას მივაღწიოთ",-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია და პარტია გირჩიც.

მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო პარტია ლელომ. მათი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ისინი გააგრძელებენ ბრძოლას, რომ საქართველოში ჩატარდეს ლეგიტიმური არჩევნები. 

დღესვე პარტია ევროპულმა საქართველომ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებს და უარს ამბობს შევიდეს მეათე მოწვევის პარლამენტში. 

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, ტოტალურად გაყალბდა და ამიტომ არალეგიტიმურად უნდა იყოს ცნობილი. გუშინ, 1-ლ ნოემბერს საპროტესტო აქციაც გაიმართა. 

ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის წინ კვირას 8 ნოემბერს 19:00 საათზე მასშტაბური აქცია დააანონსეს.

 


close დახურვა