მოძრაობა "სტუდენტები ევროპული მომავლისთვის" ქართული ოცნების მიერ რუსული კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა დაინიცირებას ეხმაურება.
"ზუსტად 1 წლის წინ, ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ მარტის გამარჯვებისთვის. მივმართავთ ქართულ ოცნებას. სტუდენტები რუსულ კანონს არ გაგატანინებთ!", - აღნიშნულია განცხადებაში.
***
ქართული ოცნება რუსულ კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა დააინიცირებს. ეს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა.
მან პარტიის ვრცელი განცხადება წაიკითხა, სადაც უმრავლესობა კვლავ თავს ესხმის არასამთავრობო სექტორს და მათგან დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს.
მდინარაძის თქმით, კანონპროექტი დღეს დაინიცირდება და "სამივე მოსმენით სესიის ბოლომდე იქნება მიღებული".
***
რუსული კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად 2023 წლის თებერვალში დაააინიცირა, რასაც მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.
პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო.
კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.
თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.
რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო.
პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.
რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.
კანონპროექტის გაწვევის შემდეგ მმართველ პარტიაში ირწმუნებოდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დააინიცირებდნენ.