სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე ამბობს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირაკლი კობახიძის ლექციაზე არ შეუშვეს, რადგან ევროკავშირისა და საქართველოს დროშები ეკეთა. როგორც სტუდენტი მთავარ არხთან ამბობს, იგი აუდიტორიამდეც არ მიუშვეს.
"ირაკლი კობახიძის ლექცია იყო, მე ვარ მისი სტუდენტი. პირველ კურსზე ვარ. არათუ, ზოგადად, ლექციაზე, ფაქტობრივად, აუდიტორიასთანაც არ მიმიშვეს. მიზეზად ის ჰქონდათ, რომ დროშები გიკეთიაო. თუმცა, აქამდეც ვყოფილვარ დროშებით. შეიძლება ასე მობმული არ მქონდა, მაგრამ დროშების ელემენტები დამქონდა. უბრალოდ ვაპირებდი ჯდომას, მეტი რაღა უნდა მექნა, ყველაფერი გაპროტესტებულია. აქ სიტყვები ზედმეტი იყო", - ამბობს ზვიად ცეცხლაძე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დატოვების დროს კობახიძე თან დაცვა ახლდა. შენობასთან მას რამდენიმე ადამიანი დახვდა და პროტესტის გამოხატვა სცადა. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ პრემიერმინისტრთან ახლოს მისვლა სცადა, რა დროსაც დაცვის წევრმა მას ხელი ჰკრა. როგორც ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ყვებიან, მოგვიანებით ამ ახალგაზრდას უცნობი პირები თავს დაესხნენ. როგორც ამბობენ, ეს შესაძლოა, ქართული ოცნების ახალგაზრდა პარტაქტივი იყო.
"ხალხი, რომელიც მუდმივად მობილიზებული ჰყავს კობახიძეს თავისი ლექციის პარალელურად, თავს ასაღებენ თსუ-ის სტუდენტებად. მაგრამ როდესაც კობახიძის მიმართ პროტესტს განმოხატავენ, ფიზიკურად უსწორდებიან. ეს არაა პირველი შემთხვევა", - ამბობს ნიკო მანაგაძე, რომელსაც სცემეს.
თვითონ კობახიძეს გამოსვლის დროს კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ უნივერსიტეტი "TV პირველის, მთავარი არხისა და ნაცმოძრაობის" ადგილი არაა. მან ადგილზე მყოფებს ხელი დაუქნია და მანქანაში ჩაჯდა.