logo
ENG



სტუდენტური მოძრაობა: პროტესტის შედეგად, თსუ საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს

19 ნოე 202213:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/19/afuliobko8dqtxw.jpg

მაისი სტუდენტური მოძრაობის განცხადებით, ხანგრძლივი სტუდენტური პროტესტის შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს.

მათი ცნობით, უნივერსიტეტში შეიქმნა ორი სამუშაო კომისია, რომელიც სტუდენტებთან ერთად მიწისა და კალკულაციის საკითხებს შეისწავლის, ხოლო დასკვნის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

სტუდენტური მოძრაობა წერს, რომ 17 ნოემბერს ორი პოტენციური ობიექტი დაათვალიერეს - მე-11 კორპუსის გვერდით მდებარე ე.წ. ხიმინჯები და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ძველი შენობა.

"1. პირველი ობიექტზე, რომლის ფართობია დაახლოებით 5000კვ.მ. შეუიარაღებელი თვალითაც ხილვადია, რომ ამ კონსტრუქციის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. შესაბამისად, საჭირო იქნება მისი დეკონსტრუქცია და ახლის აშენება. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ხარჯებთან, რომელსაც, ადმინისტრაციის წარმომადგენლების და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ამ ეტაპზე უნივერსიტეტის ბიუჯეტი ვერ დაფარავს. ამიტომ, ჩვენი, მაისის სტუდენტური მოძრაობის, პოზიციაა, სახელმწიფოს ჩართულობით მოხდეს ამ ობიექტის სამომავლო პერსპექტივაში განხილვა და მის ადგილზე ფართომასშტაბიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლისთვის საჭირო რესურსების მობილიზება. არსებული სივრცეში შესაძლებელია დაახლოებით 500 ადგილიანი საცხოვრებლის აშენება.

2. მეორე ობიექტი, რომელიც, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, განიხილება, როგორც მომავალი პოტენციური სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, ახლანდელი მოცემულობით, მოიცავს 118 ოთახს. მათი ნაწილი გამოყენებული იქნება სამეურნეო მიზნებისთვის, ნაწილში მოეწყობა საერთო სტუდენტური სივრცეები, დაახლოებით 80-90 ოთახი გამიზნულია საცხოვრებლად (180 ადგილი). ობიექტის შემოწმებისა და ნებართვის მიღების შემდეგ, შესაძლებელია სართულის დაშენება, რაც დამატებით 60 ოთახს (120 ადგილს) უზრუნველყოფს", - აღნიშნულია განცხადებაში.

მაისის სტუდენტურის მოძრაობა აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი, რომლის მშენებლობაზეც მუშაობა უკვე დაიწყო, მისი მასშტაბებიდან გამომდინარე, მხოლოდ დასაწყისი და აუცილებელი პირობაა მიზნის მისაღწევად, თუმცა, არა საკმარისი. მათი თქმით, პირველი საცხოვრებელი უნდა აშენდეს იმ განწყობით, რომ სახელმწიფო და უნივერსიტეტი პარალელურად მეორე, ფართომასშტაბიანი საცხოვრებლის მშენებლობაზე დაიწყებენ ზრუნვას.

მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2 მაისიდან აუდიტორიაში სწავლების განახლება გამოაცხადა, სტუდენტებმა სემესტრის ჰიბრიდულ ფორმატში გაგრძელება მოითხოვეს - მიზეზად ბინების გაძვირება დაასახელეს და ამბობდნენ, რომ ქირაობა არ შეეძლოთ.

11 მაისს განათლების სამინისტრომ თსუ-ს მოუწოდა, 2021-2022 სასწავლო წელი ჰიბრიდულ ფორმატში დაასრულოს, რის შემდეგაც, თსუ-მ გაავრცელა განცხადება, რომ სწავლა ჰიბრიდულ ფორმატში გაგრძელდებოდა, თუმცა ფინალური გამოცდები აუდიტორიაში ჩატარდებოდა. ამასთან, თსუ-ს გადაწყვეტილებით, თბილისის გარდა საგამოცდო ცენტრები ქუთაისსა და ახალციხეშიც მოეწყო.


close დახურვა