logo
ENG



სუბარი: თბილისის პარალიზებას ვერავინ მოახდენს, მაგრამ არც 2011 წლის 26 მაისს გავიმეორებთ

24 მაი 202123:23
3 წუთის საკითხავი
 
სუბარი: თბილისის პარალიზებას ვერავინ მოახდენს, მაგრამ არც 2011 წლის 26 მაისს გავიმეორებთ

სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი თბილისის პარალიზების უფლებას არავის მისცემს და დედაქალაქში მსგავსი სცენარით აქციის გამართვას ვერც ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო დემონტსტრაცია გაიმართება.

სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ხელისუფლება არ გაიმეორებს იმას, რას 2011 წლის 26 მაისს მოხდა.

ქართული ოცნების წევრის თქმით, ქვეყნის დამოუკიდებლობის ზეიმის ჩაშლა "რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს" და აქციის მონაწილეები, ნებით თუ უნებურად, ოკუპანტის სურვილს ასრულებენ.

„ძალიან არასასიამოვნოა, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მათ უნდა ჰქონდეთ რაღაცა გრანდიოზული აქცია (რომ ვერ გააკეთებენ, ეს ცალკე საკითხია) და ამით ისინი პრაქტიკულად ცდილობენ, რომ ჩაშალონ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ზეიმი, ყველაზე დიდი დღე ჩვენი ერის ისტორიაში და ძალიან არ მინდა, რომ მათ, ნებსით თუ უნებლიედ, შეასრულონ იმ ადამიანების თამაში და არ მინდა იმ ადამიანების სურვილზე გაიარონ, რომლებისთვისაც ეს დამოუკიდებლობა არაფერს არ ნიშნავს და რომლებსაც პრაქტიკულად ოკუპანტი ან მისი მომხრეები ჰქვიათ.

რაც შეეხება თბილისის პარალიზებას - ვერავინ ვერ მოახდენს თბილისის პარალიზებას, არავის არ მივცემთ ამის გაკეთების უფლებას და, ბუნებრივია, თუ კანონის დარღვევას ეცდებიან - კანონი ამოქმედდება. თბილისის პარალიზების უფლებას არავის არ მივცემთ, მაგრამ არც იმას არ გავიმეორებთ, რაც მოხდა 2011 წლის 26 მაისს, როცა ალყაში მოაქციეს მშვიდობიანი მომიტინგეები", - ამბობს სუბარი.

გუშინ, 23 მაისს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს. მათივე თქმით, ხელისუფლებას ვადა 24 მაისის 12:00 საათამდე ჰქონდა, რათა მათი მოთხოვნები დაკმაყოფილებულიყო.

პროტესტის მონაწილეებმა ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ განაცხადეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ მათთან დიალოგისთვის მზაობა გამოთქვა. თუმცა ცოტა ხანში გაირკვა, რომ შეხვედრის ფორმატი მიუღებელი აღმოჩნდა.

ნამოხვანჰესის პროექტის მოწინააღმდეგეებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს და ჯერ იუსტიციის სახლთან, შემდეგ კი თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ. საბოლოოდ ისინი კვლავ რესპუბლიკის მოედანზე დაბრუნდნენ.

აქციების ორგანზიატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ხვალ, 25 მაისს, ახალი მსვლელობები და პიკეტი მოეწყობოდა. მან კონკრეტული ლოკაციები არ დაასახელა. 

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი "რიონის მცველები" ითხოვენ: 

შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;

გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;

თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;

დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.


close დახურვა