სწრაფი ტესტების შედეგებით, მესტიაში კორონავირუსის კიდევ 10-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა, 900 ტესტის პასუხს ისევ ელოდებიან.
როგორც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი აცხადებს, კვლევის შედეგად, შესაძლოა, ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა გამოვლინდეს.
"დღეს არც ვიცით რამდენი შემთხვევა გვაქვს. ახლა მიდის კვლევა, ათზე მეტი რომაა ფაქტია და სავარაუდოდ, ბევრად მეტიც შეიძლება იყოს, იმის მიხედვით, რაც გამოვლინდება", - აღნიშნა სუბარმა.
სვანეთში კარანტინის გამოცხადებიდან მეორე დღეს მოსახლეობა უკვე პროდუქტის დეფიციტის საშიშროების წინაშეა. სვანეთის ცენტრს დაშორებულია ადგილობრივი მოსახლეობა ყვება, რომ თავად ცდილობს ახლობლებისა და ერთმანეთის დახმარებას და პროდუქტის მომარაგებას.
პოლიციას ბლოკ პოსტი სვანეთის რეგიონში რამდენიმე ადგილას აქვს განთავსებული. პირველი შეზღუდვა სოფელ ბარჯაში იწყება, რომელიც მესტიიდან 100 კილომეტრითაა დაშორებული. მესტიის მიმართულებით შესვლა მხოლოდ იმათ შეუძლიათ ვისაც სვანეთში ბინადრობის უფლება აქვთ.
მოქალაქეებს ვისაც ჩაკეტილი ზონის დატოვება სურთ, საათობით უწევთ ლოდინი ბლოკპოსტებთან. საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ყველა ვინც სვანეთის რეგიონს დატოვებს ორ კვირიან სავალდებულო კარანტინში უნდა გადავიდეს.
სვანეთის ჩაკეტვამ ყველაზე მეტად მძიმე მდგომარეობაში კერძო ბიზნესის მფლობელები ჩააგდო. ადგილობრივი სასტუმროებისა და კერძო ბიზნესის მფლობელები დახმარებას მთავრობისგან ელოდებიან და ამბობენ, რომ პანდემიამ ისინი ისედაც გაკოტრებამდე მიიყვანა და 28 დღით რეგიონის სრული იზოლაცია მათ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.
ბოლო ორი დღის განმავლობაში საკარანტინე ზონაში და სასტუმროებში 500-ზე მეტი ვიზიტორი და სტუმარი გადაიყვანეს. ერთი ნაწილი მესტიაში რჩება, ნაწილი კი სხვა რეგიონებში გადაანაწილეს. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სვანეთში, შესაძლოა, საკარანტინე ზომები კიდევ უფრო გამკაცრდეს.
მესტიის მუნიციპალიტეტის ნაწილი საკარანტინე ზონად 28 დღით გუშინ საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით გამოცხადდა. გამკაცრდება თუ არა უფრო საკარანტინე პირობები ეს მომდევნო დღეებში ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული, მანამდე კი მოსახლეობას შექმნილი მდგომარეობის გამო ისევ სახლში დარჩენისკენ მოწუოდებენ.