logo
ENG



სუბარი ტვ პირველის ჟურნალისტს: რა ფორმითაც მოგცეს მასალა, იმ ფორმით მიაწოდეთ პროკურატურას

11 მარ 202114:49
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/11/ni34pfggds0sk0k.jpg

ქართული ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პროკურატურას უფლება ეძლევა ტვ პირველიდან მასალები ამოიღოს და აცხადებს, რომ ტელევიზიაში შეჭრაზე საუბარი არ არის. სუბარის თქმით, ტვ პირველის თემა საზოგადოებაში ტემპერატურის აწევის მცდელობაა.

ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი, ამბობს, რომ ტელეკომპანია პირველში შეჭრაზე საუბარი არ არის. მისივე თქმით, კარგი იქნება თუ ტვ პირველი გამოძიებასთან ითანამშრომლებს.  სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ტვ პირველიდან მასალების  ამოღების ნებართვა მისცა სასამართლოს განჩინების მიხედვით, პროკურატურას შეეძლება, “წინააღმდეგობის შემთხვევაში "ამოღებისას "იძულების პროპორციული ზომა” გამოიყენოს.

"რაც შეეხება ძალით შეჭრას, ბუნებრივია, ეს არ იგულისხმა. რაც შეეხება გამოძიებას, რადგან გამოძიებას ითხოვდით თქვენც და მთელი ოპოზიციური სპექტრი, კარგი იქნება თანამშრომლობა - სხვანაირად გამოძიება ფაქტების გარეშე არ არსებობს. არ არსებობს რაიმე მასალა, ვერ მიაწოდებთ იმას, რაც არ არსებობს. მე არ ვიცი რა ფორმით მოგაწოდეს, რა ფორმითაც მოგაწოდეს, იმ ფორმით მიაწოდეთ. მე რასაც ვისმენდი, შეიძლება, არასწორად მახსოვს, სწორედ თქვენს ეთერში ამბობდნენ, რომ მოგვიტანეს 4 ფლეშკა, რაღაც კონვერტი და ადამიანი, რომლის ვინაობაც არ ვიცით", - აცხადებს სუბარი. 

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და TV პირველიდან მასალების იძულებით ამოღების ნებართვა მისცა. ამის შესახებ თავად ტელეკომპანია ავრცელებს ინფორმაციას და მიღებულ განჩინებასაც ასაჯაროვებს, საქმე ეხება 6 მარტს, ნოდარ მელაძის შაბათში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს. 

მოგვიანებით, პროკურატურამ მოსამართლის განჩინებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ გავრცელებული ინფორმაცია "ტელევიზიაში შეჭრაზე", სიცრუეა. 

ტვ პირველის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, შესაძლოა, ტელეკომპანიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რათა გამოიყენოს შეჩერების ღონისძიება.

"ამ მომენტში ვმუშაობთ ერთი მხრივ აღნიშნული განჩინების ქვეყნის შიდა ინსტანციებში გასაჩივრებაზე. ასევე, განვიხილავთ შესაძლებლობას, ხომ არ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რათა გამოიყენოს შეჩერების ღონისძიება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტელეკომპანიაში შემოჭრის რისკი, რომელიც შეიძლება დღეს პროკურატურის განცხადების ფონზე მინიმალურად ჩანს, მაგრამ არ ვიცით რა იქნება ხვალ", - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.


close დახურვა