logo
ENG



სუბელიანის საქმეზე ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

11 ნოე 201914:07
3 წუთის საკითხავი
 
gbd60gsgvyvvw29.png

ანა სუბელიანის მიმართ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის საქმეზე შალვა შევარდნაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარემ განმარტა, ბრალდებული დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს, რის გამოც მოსამართლეს გირაოს სახით 3 ათასი ლარი შესთავაზა. ადვოკატის, მერაბ წკრიალაშვილის თქმით ბრალდებული თავდასხმის ფაქტს არ უარყოფს, თუმცა სექსუალური ორიენტაციის მოტივს გამორიცხავს.

დაცვის მხარე სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, შევარდნაძის ადვოკატის განმარტებით, ბრალდებული ფაქტს არ უარყოფს, თუმცა მას ეს დანაშაული სიძულვილის მოტივით არ ჩაუდენია.

„სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ, ოღონდ მაშინვე რაც გავეცნობი დასაბუთებას. დღეის მდგომარეობით მოცემულ მომენტში მე ვერ გეტყვით რა რისკებზეა საუბარი სასამართლოს მხრიდან, თუმცა რა თქმა უნდა გადაწყვეტილება მიგვაჩნია ტენდენციურად, არ ვეთანხმებით და აუცილებლად იქნება გასაჩივრებული,“-განაცხადა მერაბ წკრიალაშვილმა.

სახელმწიფო ბრალდებამ კი დაასაბუთა, რომ შალვა შევარდნაძის თავისუფლების პირობებში არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საშიშროება. რის გამოც მას პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული ითვალისწინებს პატიმრობას 1-3 წლამდე ან შიდა პატიმრობას ან გამოსასწორებელ სამუშაოებს.

შეგახსენებთ, 8 ნოემბერს კინოთეატრ „ამირანის“ წინ აქციაზე ერთ-ერთმა მონაწილემ აქტივისტ ანა სუბელიანს გაურკვეველი საგანი ესროლა, რის გამოც მან ფიზიკური დაზიანება მიიღო და სამედიცინო ჩარევა დასჭირდა.

 


close დახურვა