logo
ENG



სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ფაზა დასრულდა

25 აპრ 202309:05
3 წუთის საკითხავი
 

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ფაზა დასრულდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დედაქალაქ ხარტუმში იმყოფებოდნენ, გადაყვანილნი არიან სუდან-ეგვიპტურ საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში.

"ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან სუდან-ეგვიპტის საზღვარზე და ველოდებით, რომ მათ უკვე დატოვონ სუდანი და გადავლენ ეგვიპტეში, საიდანაც მოხდება მათი ტრანსპორტირება შემდეგ სამშობლოში", - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის საქართველოს არც ერთი მოქალაქე სუდანში არ იმყოფება.

სუდანიდან საქართველოს 35-მდე მოქალაქის ევაკუაცია რამდენიმე დღე ვერ ხერხდებოდა.

სუდანის დედაქალაქ ხარტუმში სუდანის არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს შორის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლის შესახებ უთანხმოების გამო შეიარაღებული დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო.

სუდანიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია დროებითი ზავის პირობებში მიმდინარეობს. სუდანი უკვე დატოვეს ამერიკელმა დიპლომატებმა და მათი ოჯახის წევრებმა. თავისი მოქალაქეები გაიყვანა ესპანეთმა. საფრანგეთმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ მათაც შეძლეს 700-მდე ადამიანის ევაკუაცია. მოქალაქეები გამოიყვანა დანიამ, ნიდერლანდებმა, შვეიცარიამ და შვედეთმა. ხალხის ნაწილის ევაკუაცია პორტ სუდანიდან წითელი ზღვის გავლით მოხერხდა. ქვეყნის დატოვებას ყველა შესაძლო გზით ცდილობენ თავად სუდანის მოქალაქეებიც.


close დახურვა