logo
ENG



სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინებლობის საქმეზე პირს ბრალი წარუდგინეს

07 აგვ 202022:01
3 წუთის საკითხავი
 
3zd71tzgabzxeoe.jpg

პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინებლობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების ვერსიით, 28 ივლისს, თბილისში, წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ირაკლი ღლონტმა განზრახ მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა სულაბერიძის მანქანის მიმართულებით.

პროკურატურის მტკიცებით, ღლონტთან ერთად იყო კიდევ ერთი პირი, დ.მ., რომელმაც დაინახა მომხდარი ფაქტი და არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

სამართალდამცველებმა იგი გუშინ, 6 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით  წარედგინა, რას სასჯელის სახით 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს დ.მ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

28 ივლისის საღამოს წყნეთის გზატკეცილზე სულაბერიძის მანქანას უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. ირაკლი ღლონტი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.


close დახურვა