logo
ENG



სულაძე: თუ მელაშვილი/ილიჩოვას დაკავება პოლიტიკური დაკვეთა არაა, ამნისტია უნდა შეეხოთ

30 დეკ 202014:23
3 წუთის საკითხავი
 

კარტოგრაფ ივერი მელაშვილის ცოლი, თამარ სულაძე ამბობს, რომ ამნისტია ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვასაც უნდა შეეხოს. 

თუმცა, მისივე თქმით, კარტოგრაფების დაკავება პოლიტიკური დაკვეთაა, ამიტომაც მათი გათავისუფლების მოლოდინი არ აქვს. 

"რა თქმა უნდა, ამნისტიის კანონი ჩემს ქმარს და ნატალია ილიჩოვას, საერთოდ პოლიტპატიმრებს უნდა ეხებოდეს. ანრი ოხანაშვილს უთქვამს, ესენი საშიშები არიანო. მათი მხრიდან საფრთხე ნულის ტოლია, ისინი არიან წესიერი, პატიოსანი ხალხი. 

თვითონაც იციან, რომ ისინი უდანაშაულოები არიან. გამოუშვან, თუ მათი დაკავება შეცდომა იყო. თუ პოლიტიკური დაკვეთა იყო, რა თქმა უნდა, არ გამოუშვებენ. და ისედაც ჩანს, რომ მათი დაკავება პოლიტიკურად არის შეკვეთილი".- თქვა თამარ სულაძემ ფორმულასთან

დავით გარეჯთან საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები, ივერი მელაშცილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". პროკურატურის მტკიცებით, მათ არ გამოიყენეს ის რუკა, რაც საზღვრის საკითხს საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტდა.

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა". 

იგივე დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ შეუფარდა, სააპელაციო სასამართლომ კი გადაწყვტილება ძალაში დატოვა. 

ადვოკატები ამბობენ, რომ პროკურატურა მათ ბრალდებულების დაცვაში ხელს უშლის, მათ შორის იმით, რომ არ აძლევს მათთან კონფიდენციალურად ლაპარაკის საშუალებას. 


close დახურვა