საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომაზე, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ირჩევენ, სადაც მერაბ ტურავას და ირინე იმერლიშვილის კანდიდატურა განიხილება. არჩეულმა თავმჯდომარემ პლენუმის 9 წევრისგან არანაკლებ 5 ხმა უნდა მიიღოს.
არასამთავრობო ორგანიზაციები ტურავას გამარჯვებას პროგნოზირებენ. მათი თქმით, ის კლანის კანდიდატია.
„ნათელია, რომ უზენაესი სასმართლოს პლენუმის მიერ დანიშნული სასამართლოს იმ მხარეს ყოფნა, ვინც ბატონი ტურავა წარადგინა, არ არის შემთხვევითი მოვლენა. ეს ნიშნავს, რომ კლანი უკვე აქ არის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ჩვენ არამარტო საერთო სასამართლოების, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი ბოლო ეტაპის მომსწრე ვართ. შეიძლება დღეს დასრულდეს ერთი ეტაპი და დაიწყოს მეორე ეტაპი, რომელიც დაკავშირებული იქნება ტურავას არჩევასთან“, - განაცხდა საია-ს თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.
EMC-ის მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორის, გურამ იმნაძის თქმით, თუ ახალარჩეული თავმჯდომარე კლანის ინტერესების გამტარებელი იქნება, ეს უარყოფით გავლენას მოახდენს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის დონეზე, ასევე ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ ვითარებაზე.
„ის პროცესი, რომ მერაბ ტურავას კანდიდატურას მხარს უჭერენ ახლადდანიშნული მოსამართლეები, რომლებიც კლანთან აფილაციით შეიძლება გამოირჩეოდნენ, თავისთავად აჩენს კითხვებს, თუ რამდენად ხდება ამ პროცესში, საკონსტიტუციო სასამართლოზე მათ შორის, მოსამართლეების კლანის გავლენების გაძლიერებას. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები იმოქმედებენ არა ადამიანის უფლებების სტანდარტის მიხედვით, არამედ კლანის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს უარყოფით გავლენას იქონიებს ადამიანის უფლებების დაცვის დონეზეც და დემოკრატიულ ვითარებაზეც ქვეყანაში“, - განაცხდა გურამ იმნაძემ.