„სპარის" თანამშრომელზე მორიგი თავდასხმა მოდა. სუპერმარკეტში დასაქმებულ ტრანსგენდერ ქალს ტრანსფობიურ ნიადაგზე მომხმარებელი თავს დაესხა. ფაქტის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა" ავრცელებს. ორგანიზაციის იურისტის თამარ ზარქუას თქმით, ტრანსგენდერ ქალზე ფიზიკურად იანვრის პირველ ნახევარში იძალადეს. იურისტის განმარტებით მომხდართან დაკავშირებით ბრალდებული მას შემდეგ დააკავეს, რაც საქმეში „თანასწორობის მოძრაობა" ჩაერთო. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა. უცნობია, როდის იმსჯელებენ საქალაქო სასამართლოში მომხდართან დაკავშირებით.
დაზარალებულის ადვოკატის თქმით შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, როცა უცნობმა პირმა მარკეტში ტრანსგენდერი ქალი შეამჩნია.
"ღამის საათებში შეამჩნია უცნობმა პირმა "სპარის" ერთ-ერთი თანამშრომელი. მან მიაყენა დაზარალებულს როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა",-აცხადებს თამარ ზარქუა.
შეგახსენებთ რომ იანვრის თვეში სამუშაო ადგილზე "სპარის" სამ თანამშრომელს დაესხნენ თავს. მათგან ერთი გარდაიცვალა.