საერთაშორისო ფონდი კურაციო, ეპიდსიტუაციის მართვის შესახებ მკვლევართა ჯგუფის მოსაზრებებს აქვეყნებს. კვლევაში ნათქვამია, რომ ეპიდემიის ზრდის არსებული ტემპი თვითკმაყოფილების საფუძველს საზოგადოებას არ უნდა აძლევდეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყანა ინფექციის გავრცელების ძალიან ადრეულ ეტაპზეა, "ფიზიკური" დისტანცირების ზომები კი ისეა გამკაცრებული, რომ ჰოსპიტალური რესურსის 10%იც არ არის ათვისებული. თუ ინფექციას მართვადი გავრცელების საშუალება არ მიეცემა, არსებული სიტუაციიდან გამოსვლა სულ უფრო გართულდება.
როგორც ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძე აცხადებს, საზოგადოებამ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება უნდა ისწავლოს.
„სრულად რამდენი პაციენტი იყო კი ვიცით, მაგრამ ასაკობრივი ჯგუფები, რამდენი იყო დაყოვნება საწოლზე, როგორი გართულება იყო, ამის შეჯამება არ არის. უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება. ამას არ ვსწავლობთ. ვართ ჩაკეტილები და ამით შედეგს ვერ მივიღებთ“, - განაცხადა სურგულაძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვებით ვირუსის გავრცელება ნელდება, მაგრამ არ ჩერდება.
„დღევანდელი მთავრობის გადაწყვეტილებები იმიტომ ბადებს ეჭვს, რომ არ არსებობს დასაბუთება. რაც არ უნდა მკაცრი იყოს შეზღუდვები ვირუსის გავრცელება არ შეჩერდება, ის უბრალოდ ნელდება. მეორე, ჩვენ ვაქცინამდე უნდა გამოვიმუშავოთ თანდათან საზოგადოებრივი იმუნიტეტი. ამისთვის აუცილებელია, რომ ვირუსის გავრცელება იყოს შენელებული, მაგრამ მართული“, -განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტის სერგო ჩიხლაძის თქმით კი, აუცილებელია გაძლიერებული ტესტირების ჩატარება.
„ეს სიტუაცია არ ვიცით რამდენად სანდოა. თუნდაც ის ციფრები რასაც გვეუბნებიან და რასაც კურაციოს კვლევაც იმეორებს. არ გვაქვს გაშლილი დიაგნოსტიკა. ზუსტი სურათის მისაღებად აუცილებელია გაძლიერებული ტესტირება“, - აცხადებს ჩიხლაძე.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 420 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 5 223 მოქალაქე იმყოფება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 584. ვირუსისგან სრულად განიკურნა 111 პაციენტი, 5 კი, გარდაიცვალა.