logo
ENG



სურვილის შემთხვევაში, ადგილზე მიაკითხავს მოძღვარი მრევლს - საპატრიარქო ზიარების წესს არ ცვლის

25 მარ 202014:22
3 წუთის საკითხავი
 

საპატრიარქომ ზიარების წესთან და ეკლესიაში მრევლის სიარულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში კიდევ ერთხელ არის აღნიშნული, რომ საპატრიარქო ზიარების წესს არ ცვლის და წირვა-ლოცვებზე დაცული იქნება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები.

„ერთი ბარძიმიდან ზიარება მრევლის ქრისტესთან და ერთმანეთთან ერთობის და სიყვარულის უმაღლესი დადასტურებაა, ხოლო ვინც ამაზე ამბობს უარს, უარს ამბობს მაცხოვარზე! ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ, რომ ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, დარჩნენ სახლში სრულ განკურნებამდე. ტაძრებში ადამიანებს შორის დაცული იქნას მანძილი 2 მეტრით, ეზოში კი 1.5 მეტრით. ამისთვის მიმდინარეობს ტაძრების რადიოფიცირება და ადგილების მონიშვნა.  დიდი ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად, მოძღვრებს ლოცვა-კურთხევა ეძლევას, წირვა-ლოცვაზე და შვიდგზის ზეთისცხებისთვის მრევლი გაანაწილონ კვირის სხვადასხვა დღეებში. გვინდა, ყველას ვუთხრათ, რომ მსგავსად სნეულებაში მყოფი ადამიანებისა, ისინიც, ვინც ვირუსით დაავადების საფრთხეს ეკლესიაში მისვლას უკავშირებენ, დარჩნენ სახლში და თავისი მოძღვარი, სურვილის შემთხვევაში, ადგილზე მიაკითხავს", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ამბობს, რომ თავად არ ეთანხმება ზიარების წესის შეცვლას, თუმცა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას დაემორჩილება. მისივე თქმით, რელიგიის შესახებ მხოლოდ მიწიერი მსჯელობა არასწორია.

„მაქსიმალური სიფრთხილით უნდა მივცეთ მაზიარებლებს ზიარება. მსახურება და ეკლესიის დახურვა არაა სწორი - მე მოვუწოდებ მრევლს, რომ იყვნენ სახლებში. ღმერთი არ უნდა გამოვრიცხოთ - ასე ძალიან მიწიერი გამოდის მსჯელობა. ერთობლივად თუ მივიღებთ გადაწყვეტილებას, დავემორჩილებით ყველა", - აცხადებს მეუფე ანტონი.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ სასულიერო პირებს შორის განხეთქილებაა ზიარების წესის შესახებ - ზოგიერთი მათგან ეწინააღმდეგება წირვა-ლოცვების მრევლთან ერთად ჩატარებას, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ მრევლი უნდა დადიოდეს ტაძრებში და იღებდეს ზიარებას.


close დახურვა