თბილისში ოპოზიციის 3 აქცია ერთდროულად მიმდინარეობს - სუს-თან და ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროებთან. სამივე ადგილას პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული.
ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების ნაწილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან უწყების დეპოლიტიზაციის მოთხოვნით შეიკრიბა. აქციაზე მყოფი პირები ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ასევე სუს-ის ხელმძღვანელთან, გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას, ვინაიდან, მათი თქმით, სწორედ მისი დავალებით ხდება მოქალაქეების უკანონო მიყურადება და თვალთვალი.
სუს-ის შენობასთან ათეულობით მათგანი, მათ შორის პოლიტიკოსები ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს. პოლიციამ მიზეზად დაასახელა ის, რომ სახელმწიფო შენობების პიკეტირება დაუშვებელია. თუმცა, აქციის მონაწილეებს პიკეტირება არ უცდიათ.
მთაწმინდის პოლიციის უფროსმა, გოგა მემანიშვილმა თქვა, რომ შეკრებილები პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, თუმცა, აქციაზე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. ადამიანებს იმ დროსაც აკავებდნენ, როცა ისინი ჟურნალისტებთან კამერების წინ ლაპარაკობდნენ.
2 ადამიანი დააკავეს ჯანდაცვის სამინისტროსთან. სხვა დემონსტრანტების თქმით, ისინიც უმიზეზოდ დააკავეს.
ჯანდაცვის უწყებასთან შეკრებილები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
იგივე მოთხოვნა აქვთ იუსტიციის სამინისტროს წინ შეკრებილებსაც. აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ენმ-ის წევრს, ლევან ხაბეიშვილს და შსს-ის მაღალჩინოსანს, თეიმურაზ კუპატაძეს შორის. ხაბეიშვილმა თქვა, რომ უკანონოდ დაკავებების ბრძანებას სწორედ ის გასცემს, ამასთან, შეიძინა ქონება, რომლის შეძენაც შეუძლებელია მისი ხელფასით. პასუხად კუპატაძემ ხაბეიშვილს "კამერის წინ კეკლუცი მოცეკვავე" უწოდა.