logo
ENG



სუს-ი გოგაშვილზე: საქმე არა ახალ, არამედ სისხლის სამართლის მიმდინარე გამოძიებას ეხება

16 ივლ 202212:23
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სოსო გოგაშვილის საქმე "არა ახალ, არამედ სისხლის სამართლის მიმდინარე გამოძიებას ეხება". 

გოგაშვილის დაკავებიდან თითქმის 12 საათის შემდეგ გაკეთებულ პირველ კომენტარში სუს-ი ამბობს, რომ  ჩხრეკის ოპერაცია ჩატარდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე

სხვა დეტალებს უსაფრთხოების სამსახური არ ავრცელებს. 

ნინი გოგაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, რომელიც მისი სახლის ჩხრეკის დროს არის გადაღებული, ჩხრეკაზე სასამართლოს განჩინება გამოცემულია სსკ-ის 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.  

სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს. 

კერძოდ:

1. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, 

ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, −

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) ანგარებით;

ბ) არაერთგზის, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ ინფორმაციის ან მონაცემების დაცვა ან რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, დილის საათებში, საკუთარ სახლში, სპეცოპერაციით დააკავეს. 

სოსო გოგაშვილის დაკავების შემდეგ ჩხრეკა ჩატარდა გოგაშვილის შვილების, ნიკა და ნინი გოგაშვილების სახლებში. 

ნიკა გოგაშვილის თქმით, გაჩხრიკეს მამამისის მძღოლის სახლიც, ასევე, სასტუმრო ხირსა სიღნაღში. 

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის შვილმა თქვა, რომ ჩხრეკისას სახლებიდან წაიღეს ტელეფონები, კომპიუტერები, პლანშეტები, მეხსიერების ბარათები. 

დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სოსო გოგაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ჰქონდა 2021 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა. მისი შვილის თქმით, ყველა მასალა დიპლომატიური კორპუსისთვის არის მიწოდებული. 

რამდენიმე დღის წინ გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც მთავარი არხის ჟურნალისტების ფარული მიყურადებით იყო მოპოვებული. აღნიშნულ აუდიოჩანაწერში საუბარი იყო სოსო გოგაშვილზეც

სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება 2020 წლის ოქტომბერში დატოვა. ის სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა. 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო. გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.


close დახურვა