სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის VI საარტილერიო ბრიგადის შტაბის „S-3“-ის უფროსი ს.ბ. დააკავეს. ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით ჩატარდა.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, ს.ბ. საქართველოს მოქალაქეს სამინისტროში სამუშაოს დაწყების, ფიზიკურ მომზადებაში ნორმატივის ჩაბარებისა და ავღანეთში საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის სანაცვლოდ ქრთამის სახით 2500 აშშ დოლარი მოსთხოვა, წინასწარ კი 1000 აშშ დოლარი გამოართვა.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე.