logo
ENG



სუს-ის სახით ქვეყანას კარგად მომზადებული სპეცსამსახური ჰყავს - ირაკლი ბერაია

16 აპრ 202018:22
3 წუთის საკითხავი
 
h3vvcjq1yncddqv.png

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს მმართველი გუნდი დადებითად აფასებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ქვეყანას ამ უწყების სახით კარგად მომზადებული სპეცსამსახური ჰყავს.

„უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა იმსახურებს უმაღლეს შეფასებას. საქართველოს დღეს ამ უწყების სახით ჰყავს კარგად მომზადებული და აღჭურვილი სპეცსამსახური, რომელიც იცავს არა მარტო ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, არამედ ჩვენი პარტნიორების“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერაიამ.

ასეთივე პოზიცია აქვს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს. ის აცხადებს, რომ გასულ წელს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს სუს-ი ორგანიზებული, მაღალი კვალიფიკაციით და სწორი რეაგირების ფორმებით შეხვდა. რაც შეეხება 20 ივნისის მოვლენებს, დეპუტატი ამბობს, რომ სახელმწიფომ ადეკვატურად იმოქმედა, თუმცა შედეგი ძალიან მძიმე იყო.

„ჩვენი მტრების შიდა თუ გარე და სამწუხაროდ, შიდაც არსებობს, საერთო მიზანი და ინტერესი არის, რომ ჩვენი ქვეყანა და შესაბამისი ინსტიტუტები დასუსტდეს. არ მინდა ვთქვა, რომ ამას აქვს პირდაპირი განზრახი ინტერესი გარკვეული ჯგუფების მხრიდან, თუმცა არც ამის გამორიცხვაა დაუშვებელი. შესაბამისად, ის რაც 20 ივნისს მოხდა, ცხადია მოხვდებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში. აქ სახელმწიფომ უპასუხა ადეკვატურად, თუმცა ძალიან მძიმე შედეგით დასრულდა“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც სხვადასხვა საკითხებთან ერთად 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზეა საუბარი. სუს-ი აქციის მონაწილეების ქმედებებს აგრესიად და ძალადობად აფასებს.


close დახურვა