logo
ENG



სუს-მა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების მუხლით გამოძიება დაიწყო

10 აგვ 202118:32
3 წუთის საკითხავი
 
სუს-მა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების მუხლით გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების მუხლით გამოძიება დაიწყო.

უწყებაში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა სუს-ის თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ფაქტები, რაც მათივე განმარტებით, "ცალსახად წარმოადგენს "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" კანონის დარღვევას".

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება. ამჟამად საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე პირთა გამოვლენის, სამართლებრივი რეაგირებისა და შემდგომში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გახმაურების პრევენციის მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებას გულისხმობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სავარაუდოდ, საქმე ეხება მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ 1 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციას. გვარამიამ ეთერში წაიკითხა დოკუმენტი, რომელიც, მისი თქმით, სუს-ის მომზადებულია - მასში მოთხრობილია პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, სასულიერო და საზოგადოებრივად აქტიური პირების პირადი ცხოვრების დეტალები. მან აღნიშნა, რომ ამ უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის ბრძანებებს სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის მოადგილე ლევან ახობაძე და სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ე.წ. ოტოს დირექტორი კობა კობაძე გასცემდნენ.


close დახურვა