სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
სუს-ის ცნობით, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი "ცხელი ხაზი". ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
"საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს რათა დაუყონებლივ გათავისუფლდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული დესტრუქციული ქმედებები, რაც მათ შორის გამოიხატება უკანონო დაკავებებში, აზიანებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვნად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას" - წერს სუს-ი.
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლიდან, წინაგარადან, რუსმა ოკუპანტებმა 10 დეკემბერსაც გაიტაცეს საქართველოს 2 მოქალაქე. ერთ-ერთი გატაცებული სოფელ ბრეთის მცხოვრები მამუკა ჩხიკვაძეა.