სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ანთაძის განცხადებით, ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული ხვიჩა მღებრიშვილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
როგორც ანთაძემ აღნიშნა, მღებრიშვილს საკარანტინო სივრცეში მოათავსებენ, რომლის დატოვების შემდეგაც, მასთან დეტალურ გასაუბრებას შეძლებენ.
"ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიყვანეთ უკანონო პატიმრობაში მყოფი ხვიჩა მღებრიშვილი. ამ ეტაპზე, როგორც თავად განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. გარემოებებიდან გამომდინარე, იგი ექვემდებარება საკარანტინო სივრცეში გადაყვანას, ამიტომ არ მოგვეცა დეტალური საუბრის საშუალება, მაგრამ საკარანტინო პერიოდის ამოწურვის შემდეგ, ეს საშუალება ჩვენ გვექნება და შესაბამისად, გვექნება მეტი ინფორმაცია და მეტი დეტალი უკანონო პატიმრობაში მის ყოფნასთან დაკავშირებით. ვიზუალურად, ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება", - განაცხადა სუს-ის წარმომადგენელმა.
მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება გუშინ, 25 სექტემბერს, ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციის და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლების შეხვედრაზე იქნა მიღებული. მღებრიშვილმა ცხინვალის იზოლატორი დღეს დატოვა.
ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპანტებმა 3 ივლისს დააკავეს - მას ე.წ. საზღვრის კვეთასა და ღამურების დაჭერას ედავებიან. დაკავებისას ის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.