სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ქვეყანაში შემოსული რუსეთის, ბელარუსისა და სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეები ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკს არ ქმნიან.
"მიმდინარეობს საზოგადოების დაშინება შემოსულ პირთა შორის ე.წ. დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფების და ა.შ. არსებობის შესახებ.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარება", - აცხადებენ სუს-ში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე ირწმუნება, რომ "აქტიურ რეჟიმში" ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს შესაძლო რისკები და გამოწვევები:
"გატარებული ღონისძიებების შედეგად ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნებულია მშვიდი და უსაფრთხო გარემო. ქვეყანაში შემოსული რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის და სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ არ შეიმჩნევა ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველი აქტივობების განხორციელების ტენდენცია".
სუს-ში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე პერიოდში ქვეყენაში შემომსვლელ პირთა რაოდენობა არ აღემატება გასული წლების ანალოგიური პერიოდის სტატისტიკას.
გუშინ, 7 მარტს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის სხდომაზე განიხილეს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის საკითხი, მისივე თქმით, საუბარია, დაახლოებით, 20-25 ათას ადამიანზე. მანვე დაამატა, რომ ზუსტ ინფორმაციას შსს გამოაქვეყნებს.