logo
ENG



სუს: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

17 იან 202311:54
3 წუთის საკითხავი
clock 575
სუს: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გუშინ, 16 იანვარს საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

ანთაძის ინფორმაციით, დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში ამჟამად საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება.

"გუშინ გვიან ღამით გააქტიურდა ცხელი ხაზი და გადმოგვეცა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იყო დაკავებული კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე, დეტალებს გავარკვევთ დღევანდელ შეხვედრაზე და შეხვედრის შემდეგ ვისაუბრებთ. გადმოცემული გვაქვს მხოლოდ სახელი და გვარი, ამიტომ უმჯობესია გავარკვიოთ ყველა დეტალი, დავადგინოთ მისი ადგილსამყოფელი და შემდეგ უკვე გაგიზიარებთ ყველა დეტალს. ამჟამად უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩვენი 7 მოქალაქე", - თქვა ანთაძემ.

ანთაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები ბოლო 2 თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებას განიხილავენ.

"დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ პრიორიტეტულ საკითხებს, რაც არის უცვლელი. ეს არის უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხი, ასევე ვისაუბრებთ უკანონო ე.წ ბორდერიზაციის პროცესზე, მიმოვიხილავთ გასული წლის ტენდენციებს. გარდა ამისა, ვისაუბრებთ ჰუმანიტარულ საკითხებზე. როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის აგვისტოს თვიდან მუშაობდნენ ე.წ გადასასვლელები. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდათ საშუალება, გადმოსულიყვნენ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, შესაბამისად, გვაინტერესებს, ეს პრაქტიკა გაგრძელდება თუ არა. ჩვენი პოზიცია არის, რომ მოიხსნას ყოველგვარი ხელოვნური შეზღუდვა ან გახანგრძლივდეს გადასასვლელების ფუნქციონირების დრო", - თქვა ანთაძემ.

 

 

 


close დახურვა