სახლმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან სუს-ს არანაირი კავშირი არ აქვს და ინფორმაცია, რომ უწყების კუთვნილი მანქანები მას უთვალთვალებდნენ, სიცრუეა.
გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ შესაბამის მარშრუტზე უწყების ავტომობილები ყოველდღიურად გადაადგილდებიან და ეს "უკავშირდება თანამშრომლების მიერ დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად და ღირსეულად შესრულებას":
"გვსურს თანავუგრძნოთ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ აღნიშნულ ტრაგიკულ შემთხვევასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია.
მიზანმიმართულად გავრცელებულ ყველა არასწორ ვერსიას გააჩნია აღნიშნული სამსახურის და მისი ღირსეული თანამშრომლების დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანი. აღნიშნული ცრუ ვერსიების გავრცელების უკან კი დგანან პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფები და კონკრეტული მედია საშუალებები," - ვკითხულობთ განცხადებაში.
ბაჩალიაშილის საქმის მასალების ერთერთ ვიდეო ჩანაწერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამი მანქანა ფიქსირდება. ოჯახის ვერსიით, აღნიშნული მანქანები ბაჩალიაშვილს დაედევნენ.
27 აგვისტოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მანქანები გზის მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთში აღმოჩდნენ.