სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები ცდილობდნენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირდაპირ ან ირიბ ჩარევას.
სუს-ის განცხადებით, უცხო სახელმწიფოთა სპეციალური სამსახურისა და ორგანიზაციების საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის ძირითადი მიზანი იყო პოლიტიკური, სამხედრო, სოციალურ-ეკონომიკური, იდეოლოგიური და სხვა სახის ბერკეტების მოპოვება.
სუს-ი მიუთითებს, რომ ეს სამსახურები, მათ მიერ მართული და/ან დაფინანსების კამპანიების მეშვეობით ცდილობდნენ შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში პირდაპირ ან ირიბ ჩარევას, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას, არეულობის შექმნას, ასევე სახელმწიფო საფუძვლების და მმართველობის ფორმების შერყევას, ქვეყნის ინსტიტუციური ფუნქციონირების შეფერხებას და მათი განვითარების შეზღუდვას.
გამოვლინდა მნიშვნელოვან პროცესებზე გავლენის მოხდენის აქტიური მცდელობები საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებით, მოსახლეობის დაყოფისა და პოლარიზების გზით.
სუს-ი აცხადებს, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 12 საქმეზე, აქედან 16 ადამიანის მიმართ სასამართლოში წარიმართა სისხლის სამართლის 6 საქმე. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 7 ადამიანის მიმართ, ხოლო 9 პირის მიმართ სასამართლო განხილვა გრძელდება.
სუს-ი ასევე აცხადებს, რომ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დაინტერესების საგანს წარმოადგენდა საქართველოს სამხედრო შესაძლებლობები, სფეროში მიმდინარე აქტივობები და სამომავლო გეგმები.
ანგარიშში წერია, რომ ცალკეული ქვეყნები და მათი გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნები მიზნად ისახავდნენ შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოში ნატოს აქტივობების შეზღუდვას და ამ მიზნით ეწეოდნენ დესტრუქციულ ქმედებებს.