"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხა. სამნიძე უწყებაში საბოტაჟის მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.
პოლიტიკოსი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხეს, რაც თავად სამნიძემ მოითხოვა.
პოლიტიკოსისთვის გაუგებარია, თუ რის საფუძველზე გამოიკითხა, რადგან საბოტაჟის საქმის ფარგლებში წარმოებულ გამოძიებასთან დაკავშირებით მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს.
"რატომ ვარ ამ საქმეში მოწმის სახით, გაუგებარია. რისი მოწმე შეიძლება ვყოფილიყავი?! შეკითხვები იყო ჩემს Facebook-კომენტარებზე. მთავარი შეკითხვა იყო, კონკრეტულად ვისგან მაქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა ყალბდებოდეს დიაგნოზები. სუს ასეთი თემებით არ უნდა იყოს დაკავებული. ამ თემაზე პოლიტიკოსები და ჟურნალისტები მათი კომენტარების გამო არ უნდა იკითხებოდნენ. სუს თავად ხდება საფრთხე ამ ქვეყნისთვის, რადგან ემორჩილება ერთ ადამიანს და არ ზრუნავს ქვეყანაზე", - განაცხადა სამნიძემ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საბოტაჟის მუხლით აწარმოებს გამოძიებას. კერძოდ, საქმე ეხება "მთავარი არხის" მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელშიც რესპონდენტები კოვიდსტატისტიკის გაყალბებაზე საუბრობენ. მარნეულის მკვიდრები სიუჟეტში აცხადებდნენ, რომ კონკრეტულ ადამიანებს 10 000 ლარი შესთავაზეს, რათა ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი დაესახელებინათ.
ამასთან დაკავშირებით უწყებაში რამდენიმე ადამიანი უკვე გამოიკითხა, მათ შორის ბლოგერი ნინო ჭელიძე.