თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, რომელმაც მესაზღვრეებს პროფესიული დღე რუსი სამხედროს ფოტოთი მიულოცა, ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ საზოგადოება ერთმანეთს დაუპირისპირდა, რაც, მისი შეფასებით, სამწუხაროა.
"ეს იყო სამწუხარო, კვლავ მოხდა საზოგადოების გახლეჩა, ჩვენი საზოგადოება კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდა და ამის გამო ძალიან ვწუხვარ.
სამწუხაროდ, ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული. ეს პროცესი გრძელდება. ჩვენი არაკეთილმოსურნეს ერთ-ერთი მიმართულება არის ჩვენი საზოგადოების დაპირისპირება. ჩემთვის ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ამ სურათმა გამოიწვია საზოგადოების დაპირისპირება". - თქვა სუჯაშვილმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მის ფეისბუქის გვერდს თანაშემწეები მართავენ და შეცდომაც სწორედ გვერდის ადმინისტრატორმა დაუშვა.
სუჯაშვილი ამბობს, რომ "საზოგადოების დაპირისპირების გამო" მიიღო გადაწყვეტილება, გვერდის მუშაობა დროებით შეაჩეროს.
სუჯაშვილმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე რუსი სამხედროს ფოტოთი მიულოცა. მან პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა და მას შემდეგ, რაც კომენტარებში აღნიშნეს, რომ სურათზე რუსი ჯარისკაცია, სუჯაშვილმა პოსტი წაშალა.