logo
ENG



სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა შეურიგებლობის მანიფესტს მოაწერეს ხელი

19 ნოე 202016:00
3 წუთის საკითხავი
clock 918
2020/11/19/nwfk8yzooi0siuu.png

სხვადასხვა სფეროში საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა შეურიგებლობის მანიფესტი გააფორმეს და საჯაროდ, ვილნიუსის სკვერში მოაწერეს ხელი. ისინი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აპროტესტებენ და მოუწოდებენ მოქალაქეებს, შეუერთდნენ სამართლიან ბრძოლას და დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს. 

ერთ-ერთი ხელმომწერი ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეა, რომელიც ამბობს, რომ დემოკრატიული პროცესებისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის ბრძოლა თითოეული მოქალაქის ვალია და სწორედ ამას განასახიერებს "დაუმორჩილებლობის მანიფესტიც". 

"ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ბრძოლა, ეს არის ყველა იმ ადამიანის ბრძოლა, ვინც თვლის, რომ დემოკრატიული განვითარება არის ყველანაირი სიკეთის წინაპირობა, რომელიც ამ ქვეყანამ უნდა მიიღოს. დღეს სხვადასხვა პროფესიის ხალხი, ვინც პოლიტიკურ პროცესში უშუალოდ პოლიტიკურ პარტიებთან არ არის ჩართული, ხელს მოაწერს მანიფესტს, რომელიც არის განზრახვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამას არ შევეგუებით და ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე", - ამბობს ქადაგიძე. 

მანიფესტს ხელი მოაწერა დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამაც, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ძირეული ცვლილებების გარეშე ქვეყნისთვის გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩენა გარდაუვალი იქნება. 

"ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის არის ეროვნული ვალუტა - ლარი. თუ დროულად არ იმოქმედა ეკონომიკურმა გუნდმა და თუ ცვლილებები არ მოხდა, გამოუვალ სიტუაციაში ჩავვარდებით. სასამართლოში რამდენად სერიოზული პრობლემები გვაქვს, განსაკუთრებით  ეკონომიკური მიმართულებით, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია. ეს ყველაფერი თუ ერთიანად არ გამოსწორდა უფრო მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდებით, ვიდრე დღეს ვართ", - ამბობს ჭყონია. 

მანიფესტის ხელმომწერები მოუწოდებენ საქართველოს მოქალაქეებს, შეუერთდნენ სამართლიან ბრძოლას და დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს. ოპოზიციას მოუწოდებენ, შეინარჩუნონ ერთიანობა და იბრძოლონ ყველა სამართლებრივი გზით, ქვეყნის მომავლის დასაცავად. 

ხელმომწერები მოუწოდებენ საერთაშორისო პარტნიორებს დაადასტურონ მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიმართ, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაიაზრონ იმ კრიზისის სიღრმე, რომელშიც ქვეყანაა და გაიაზრონ, რომ საქართველოს მოქალაქეები ჩამოქცეულ სახელმწიფოს არ შეეგუებიან. 


close დახურვა