ტაივანში, ქალაქ კაოჰსიუნგში, 13 სართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა. დაიღუპა 46 ადამიანი და ათობით დაშავდა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კაოჰსიუნგის სახანძროს ცნობით, საავადმყოფოში 79 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის 14-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეებს 4 საათზე მეტი დასჭირდათ. ცეცხლის გაჩენას წინ აფეთქების ხმა უძღოდა.
"ეს იყო კვამლის ზღვა" , - ასე აფასებს თვითმხილველი ტაივანის ხანძარს, the new york times-თან ინტერვიუში.
შენობა, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების იყო.
სავარაუდოა, რომ შენობაში მაცხოვრებელი 120 ადამიანიდან უმეტესობა ხანდაზმული ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იყო.
ასევე, ტაივანის ოფიციალური პირების თქმით ვარაუდობდნენ, რომ შენობის მე-11 სართულზე ადამიანები იყვნენ გაჭედილი.
ევაკუაციის სამუშაოები შენობის ქვედა სართულებზე დაწყობილმა ძველმა გამოუყენებელმა ნივთებმა გაართულა. რის გამოც, მეხანძრეებმა მაცხოვრებლები გააფრთხილეს, რომ არ დატოვონ ნაგავი შენობებში და არ გადატვირთონ კიბეები.
შენობის ქვედა სართულზე, როგორც ცნობილია, რესტორანი, კარაოკე-ბარი და კინოთეატრი იყო, ისინი აღარ ფუნქციონირებდა.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.