logo
ENG



ტაქსის მძღოლის მუქარა დანით - რას ჰყვება ანტირუსული აქციიდან მომავალი მოქალაქე

30 აპრ 202414:28
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/30/so6k688vlp0vjjb.jpg

მოქალაქე თამთა მამულაიძე ამბობს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ყოფნის გამო მას და მის სტუდენტებს  ტაქსის მძღოლი დანით ემუქრებოდა. როგორც მამულაიძე ფეისბუქზე წერს, 28 აპრილს აქციის დარბევის დაწყების შემდეგ მან და მისმა 3-მა სტუდენტმა Bolt-ის ტაქსი გამოიძახეს.

მისი თქმით, ტაქსის მძღოლი რამდენჯერმე ჩაეჭრა მათ საუბარში და აქციაზე ყოფნის გამო პროვოკატორიც უწოდა, რის შემდეგაც მანქანის გაჩერება მოსთხოვეს. მამულაიძე ამბობს, რომ მძღოლი მანქანიდან დანით გადმოვიდა და მათი მიმართულებით დაიძრა.

"მესამედ, პროვოკაციულად ჩვენ გვიწოდა პროვოკატორები რადგან აქციაზე ვიყავით. შევეცადეთ აგვეხსნა არგუმენტირებულად ჩვენი პოზიცია, თუმცა როგორც სჩვევიათ გადმოვიდა აგრესიაზე და ვთხოვეთ დაუყოვნებლივ გაეჩერებინა მანქანა. მან არ გააჩერა მაშინვე და მეორე მოთხოვნაზე როგორც იქნა გააჩერა წურწუმიაზე მანქანა.

გადმოვედით მანქანიდან, აპლიკაციიდან მივუთითე რომ მგზავრობა დავასრულეთ. მაშინ როცა მძღოლს არ ჰქონდა ბარიერი, უკან ჩვენი მიმართულებით დაიძრა მანქანა, რაზეც ჩემს სტუდენტებს ვთხოვე გამოწეულიყვნენ, ფრაზით: "გამოდით, არ დაგარტყათ ამ არანორმალურმა". რასაც მოჰყვა გინება მისი მხრიდან, ჩემმა სტუდენტმა მიუთითა მშვიდი ტონით "როგორ ესაუბრები გოგოს".

მოულოდნელად, რასაც სქრინზე ხედავთ ცხოველების გასატყავებელი დანით გადმოვიდა და საოცარი ფრაზებით გამოექანა ჩვენკენ.
რადგან სრულიად დაუცველად ვგრძნობდით თავს, რაც მოვიფიქრე ეს იყო ვიდეოს გადაღება და ყვირილი. კამერამ ბუნებრივია შეაფერხა.

მესმის, რომ ქვეყანაში უფრო მნიშვნელოვანი და ურთულესი სიტუაციაა თუმცა საკუთარი პოზიციის გამო რომ დანით მოგდევენ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩრ. კორეა, ირანი, ბელარუსი და სხვა ავტოკრატიული ქვეყნებისგან დიდი არაფრით განვსხვავდებით", - წერს მამულაიძე ფეისბუქზე.

თამთა მამულაიძეს აღნიშნულ პოსტზე უპასუხა კომპანია Bolt-მა. როგორც ისინი აღნიშნავენ, აღნიშნულ შემთხვევას "შიდა პროცედურებით გათვალისწინებული რეაგირება მოჰყვა", თუმცა რა იგულისხმება ამაში, კომენტარში არ დაზუსტებულა.

ფორმულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუ დაიწყო აღნიშნული საკითხის შესწავლა. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 


close დახურვა