logo
ENG



ტელეკომუნიკაციების კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა გადაიდო

13 ივლ 202010:46
3 წუთის საკითხავი
 

ტელეკომუნიკაციების კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა გადაიდო. ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა. 

კაკულიას განმარტებით, პროვაიდერებსა და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შორის შეთანხმება ვერ შედგა და სწორედ ეს გახდა მოსმენის გადადების მიზეზი. 

კაკულიას თქმით, კანონპროექტის მოსმენა 14 ივლისს გაიმართება.

"ჩემი შეთავაზება კომიტეტისთვის იქნება, რომ დღესაც გადაიდოს მოსმენა, რათა მაქსიმალურად იქნას მიღწეული კონსენსუსი პროვაიდერებსა და მარეგულირებელს შორის იმიტომ, რომ გასაგებია, რომ ერთი მხრივ, ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან მოცემულობაზე, რომელსაც ჰქვია სახელმწიფოს აუცილებელი ზედამხედველობა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ ამ პროცესში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მაქსიმალური ურთიერთგაგება მარეგულირებელსა და კომპანიებს შორის. ასეთი შეხვედრა შედგა შაბათს. ძალიან ინტენსიური საუბრები შედგა. კიდევ არის დარჩენილი შემდგომი შეთანხმებისთვის. დღევანდელ დღეს ამისთვის გამოვიყენებთ", - განაცხადა რომან კაკულიამ. 

შეგახსენებთ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები დარეგისტრირდა - შესწორებების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, ორგანიზაციებში სპეციალური მმართველები დანიშნოს ორი წლის ვადით.

კანონში შესატანი ცვლილებები მარეგულირებელ კომისიას იმ შემთხვევაში მისცემს მმართველის დანიშვნის უფლებას, თუკი დაკისრებული ჯარიმების მიუხედავად, ორგანიზაცია ვერ აღასრულებს გადაწყვეტილებას.


close დახურვა