გიორგი შაქარაშვილის საქმის სატელეფონო ამონაწერებიდან ირკვევა, რომ საქმეში ფიგურირებს ნომერი, რომელიც ეკონტაქტებოდა როგორც ნახალოვკელ ახალგაზრდებს, ისე საბურთალოელებს.
ამ დროისთვის გაუქმებულ ნომერთან დაკავშირებულია 113 ზარი.
აღნიშნული ნომერი აღარ არსებობს. „პოლიტმეტრმა“ გაარკვია, რომ ამ კონკრეტულ ნომერზე დარეკვა უკვე შეუძლებელია - უცნობია ვის ეკუთვნის ნომერი.
„პოლიტმეტრმა“, ასევე, გაარკვია, რომ ნომერი მხოლოდ ერთი გზით უქმდება - ის მფლობელმა უნდა გააუქმოს. ამისთვის კი არსებობს სპეციალური პროცედურა - ქსელში ჩართული სატელეფონო ნომერი მხოლოდ მფლობელის განცხადების საფუძველზე შეიძლება გაუქმდეს.
საქმეში ამ ეტაპზე არსებული მასალებით ჩანს, რომ უცნობი ნომრის მფლობელი დადგენილი არაა და, შესაბამისად, არ გამოკითხულა პირი, ვინც 18-19 ივნისს აქტიურად ამყარებდა კონტაქტს ორ დაპირისპირებულ მხარესთან.
გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მის ცხედარს 22 ივნისს მიაკვლიეს მდინარე არაგვში.
სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით - ამ დასკვნის შემდეგ გამოძიება გადაკვალიფიცირდა და დაემატა განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში, მკვლელობის მუხლიც.
ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული. არცერთ მათგანს განზრახ მკვლელობის მუხლს გამოძიება არ ედავება.