logo
ENG



ტერორისტი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა

21 ოქტ 202021:49
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ინფორმაციით, ტერორისტმა 3 მძევლის თანხლებით ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალის შენობა დატოვა. 

ერთ-ერთი განთავისუფლებული მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას ცნობით, პოლიციელებმა თავდამსმხელს ფული მოუტანეს, რის შემდეგაც მან, სამართალდამცველებთან და მძევლებთან ერთად საქართველოს ბანკის ოფისი დატოვა. 

გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ მივიდა თავდასხმის ადგილზე საინკასაციო მანქანა და როგორ ამოიღეს სამართალდამცველებმა მანქანიდან ფული. კადრებში ასევე ჩანს, რომ შენობიდან გამოსვლისას თავდამსხმელს ხელში გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა. 

ფორმულას ინფორმაციით, ტერორისტი პიკაპის ტიპის ავტომობილში ჩაჯდა და თავდასხმის ადგილი მძევლებთან ერთად დატოვა, ავტომობილს კი სამართალდამცველი მართავს. 

3 მძევლის გარდა, სხვა მძევლები გათავისუფლებულები არიან. ისინი დასაკითხად პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მძევალი, რომელიც თავდამსხმელმა მანქანით წაიყვანა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავაა. ვიდეოკადრებში, სავარაუდოდ, სწორედ გალდავა იდგა თავდამსხმელის გვერდით, ფილიალის შენობიდან გამოსვლის დროს. 

გავრცელებული ინფორმაციით, გალდავამ ერთ-ერთი მძევალი ნებაყოფლობით ჩაანაცვლა. 

ამ დრომდე უცნობია, რა მიმართულებით წავიდა ავტომობილი. 

 

ინფორმაცია განახლდება


close დახურვა