განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირება საჯარო და კერძო სკოლების 46 300 მასწავლებელსა და სკოლის თანამშრომელს ჩაუტარდა. უწყების ცნობით, მათგან ვირუსი 0.5%-ს დაუდასტურდა.
მათი ინფორმაციით, სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე, დაავადების უსიმპტომოდ მიმდინარეობის შემთხვევაში, ინფიცირებულ მასწავლებელთან შეთანხმებით, მისი საგანი დისტანციურ ფორმატში გადადის.
გარდა ამისა, მათივე ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე.
თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ხვალიდან, 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი კლასებში აღდგება, შესაბამისად, სკოლები უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება. მშობლებს კვლავ ექნებათ უფლება, სურვილის შემთხვევაში დისტანციური სწავლება აირჩიონ.