logo
ENG



ტეფტი: ბლინკენს 2008 წელს საქართველოსთვის დახმარების მობილიზებაში კრიტიკული როლი ჰქონდა

02 დეკ 202022:59
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/02/070yk5z54cb0z3m.jpg

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის, ჯონ ტეფტის თქმით, საქართველოსთვის დახმარების პაკეტის მობილიზებაში, სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დასახელებულ ტონი ბლინკენს საკვანძო როლი ჰქონდა. აშშ-ს ვეტერანმა დიპლომატმა ამაზე ამერიკის ხმასთან ისაუბრა

"ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მომენტი იყო, როცა საქართველოში ელჩი ვიყავი 2008 წელს. მაშინ ჯო ბაიდენი ერთ-ერთი პირველი სენატორი იყო, რომელიც საქართველოში [ომის დროს] ჩამოვიდა. სწორედ ჯო ბაიდენი იყო ადამიანი, რომელმაც ეგრეთწოდებული, "მილიარდ დოლარიანი პაკეტის" სახელით ცნობილი დახმარების მობილიზებას უხელმძღვანელა. ამ პაკეტის მიზანი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენა იყო იმისთვის, რომ [ომის შემდეგ] ქვეყანა ფეხზე დამდგარიყო, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. მისი როლი კრიტიკული იყო ამ ყველაფრის ორგანიზებაში, რადგან ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის აპარატის უფროსი იყო და ბაიდენთან მუშაობდა", - უთხრა ამერიკის ხმას ჯონ ტეფტმა.

ბლინკენი ჯო ბაიდენთან ერთად საქართველოში ორჯერ იყო - პირველად 2008 წლის 17 აგვისტოს და შემდეგ თითქმის ერთი წლის თავზე, 2009 წლის ივლისში, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის როლში.

ამერიკის ხმასთან საუბარში ჯონ ტეფტი იხსენებს, რომ ამ ვიზიტის დროს მან ტონი ბლინკენთან ახლოს იმუშავა და მასთან ერთად დაწერა გამოსვლის ტექსტი, რომლითაც ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოს პარლამენტს მიმართა.

ტონი ბლინკენი კლინტონის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე იყო და ევროპის საქმეები ებარა. ობამას პრეზიდენტობის მეორე ვადაში იგი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ტონი ბლინკენი ახდენდა უკრაინაში აგრესიაზე ამერიკის საპასუხო პოლიტიკის ფორმირებას და იყო კრემლის გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების აქტიური მხარდამჭერი.

აშშ-ს მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს იგეგმება. 


close დახურვა