ტეხასის შტატში, სან-ანტონიოს მახლობლად მიტოვებულ სატვირთოში სულ მცირე 46 ცხედარი, სავარაუდოდ მიგრანტები იპოვეს. 16 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, გადარჩენილებს მზის დარტყმა და გადახურება აქვთ.
"მათ ოჯახები ჰყავდათ და სავარაუდოდ, უკეთეს ცხოვრებას ეძებდნენ. ეს არაფერია თუ არა ადამიანური ტრაგედია", - განაცხადა სან-ანტონიოს მერმა, რონ ნირენბერგმა.
სან-ანტონიო, რომელიც აშშ-მექსიკის საზღვრიდან 250კმ-ში მდებარეობს, კონტრაბანდისტთა სატრანზიტო მარშრუტის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია. სახანძრო სამსახურის უფროსის, ჩარლს ჰუდის თქმით, სამაშველო სამსახური ადგილზე ადგილობრივი დროით 18:00 საათზე მივიდა მას შემდე, რაც გარდაცვლილი ადამიანის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. მეხანძრეებმა სატვირთო აღმოაჩინეს, რომლის მახლობლადაც ცხედარი იყო. რამდენიმე ცხედარი კარების გახსნის შემდეგ იპოვეს. მისივე თქმით, სატვირთოში არ მუშაობდა კონდიციონერი და არ იყო წყალი.
სან-ანტონიოში ზაფხულის თვეებში ცხელა, ორშაბათს კი ტემპერატურამ 39,4°C-ს მიაღწია.
მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაღუპულთაგან ორი გვატემალელია. გამოძიება ფედერალურ ორგანოებს გადაეცა და საქმეზე სამი პირია დაკავებული.
ტეხასის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა ადამიანების დაღუპვაში აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაადანაშაულა და მათ "ღია საზღვრების სასიკვდილო პოლიტიკის შედეგი" უწოდა.
ბეტო ო'რურკმა, დემოკრატმა კანდიდატმა, რომელიც არჩევნებზე ებოტის კონკურენტია, სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდა, რათა კონტრაბანდისტების ქსელები ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობებით ჩანაცვლდეს.
იმიგრაცია ერთ-ერთი სადავო საკითხია აშშ-ში, სადაც მაისში უსაბუთო მიგრანტების რეკორდული რაოდენობა დააკავეს, რომლებიც აშშ-ში მექსიკიდან გადასვლას ცდილობდნენ. ბევრი მათგანი კი სახიფათო და სარისკო მარშრუტით მგზავრობდა.
ცენტრალურ ამერიკაში სიღარიბის დასაძლევად ბევრი მიგრანტი დიდ თანხას უხდის კონტრაბანდისტებს, რათა მათ საზღვარი გადააკვეთინონ.